„ქართუ ჯგუფის“ ახალი სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ვლადიმერ უგულავასთან ერთად, ირაკლი ზარქუა და როინ ცაციაშვილი არიან.
ისინი ამ წუთებში „ქართუ ჯგუფში“ დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლებს ხვდებიან.
ყოფილი თანამშრომლის გოჩა ჩიკვილაძის თქმით, სამეთვალყურეო საბჭომ გუშინ „ბანკი ქართუს“ დირექტორატის რვა თანამშრომელი დაითხოვა.
მისივე თქმით, ამ ცვლილებებმა ბანკის მუშაობის შეფერხება გამოიწვია. კერძოდ, მისივე ცნობით, ბანკი ფინანსურ ოპერაციებს ვერ ახორციელებს რადგან, საცავის გახსნა ვერ მოხერხდა. ამის მიზეზად, ჩიკვილაძე მთავარი ბუღალტრის მანანა ნადირაძის გათავისუფლებას ასახელებს. თუმცა, ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ საცავი უკვე გადაბარებულია და მუშაობა განახლდა.
თავად უგულავას განცხადებით, იგი თანამშრომლების გასაცნობად მივიდა და საკადრო ცვლილებების და სხვა დეტალების შესახებ განცხადებას ორშაბათს გააკეთებს.
მისივე თქმით, დირექტორთა საბჭოს ახალი შემადგენლობაც მომავალი კვირიდან გახდება ცნობილი.
