უწყებათაშორისი კომისია სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებს რეკომენდაციებს აძლევს
უწყებათაშორისი კომისია სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებს რეკომენდაციებს აძლევს
11:48 13.07.2012
უწყებათაშორისი კომისია წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ხელმძღვანელებს რეკომენდაციებს აძლევს.  

ამის შესახებ ნათქვამია კომისიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიაში ინფორმაცია შევიდა, თითქოს, ცალკეული სამინისტროების, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა უწყებების და გარკვეული რეგიონების ადმინისტრაციული ორგანოების ხელმძღვანელი პირები თანამშრომლებს მმართველი პარტიის მხარდასაჭერად სიების შედგენას და პირადი მონაცემების შეგროვებას ავალდებულებდნენ.

უწყებათაშორისი კომისია დაუკავშირდა სამინისტროებისა და რეგიონალური ადმინისტრაციების ხელმძღვანელ პირებს, რომელთაც მსგავსი მითითებების გაცემის ფაქტი უარყვეს.

„ამ ეტაპზე კომისიას არ მოეპოვება სხვა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მსგავსი პრაქტიკის არსებობას. სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ჯერ არ ჰქონიათ შესაძლებლობა, თანამდებობის პირთა კონკრეტული გვარები მოეწოდებინათ კომისიისთვის. მიუხედავად ამისა, კომისია აცხადებს, რომ დაუშვებელია და კანონსაწინააღმდეგოა თანამდებობის პირების მიერ დაქვემდებარებული პირების დავალდებულება, ჩაერთონ საარჩევნო კამპანიაში. კანონმდებლობით მსგავსი ქმედებები დასჯადია“ - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, აქვე განმარტებულია, რომ საჯარო პირებს აქვთ უფლება, სამსახურებრივი საქმიანობის მიღმა, ნებისმიერი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში მიიღონ მონაწილეობა და ეს უფლება მხოლოდ ნებაყოფლობით არჩევანს უნდა ეფუძნებოდეს.

ასევე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს და ადმინისტრაციული ორგანოების ხელმძღვანელებს მსგავსი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, სათანადო რეაგირება მოახდინონ გამოვლენილ შემთხვევებზე; მკაფიოდ განუმარტონ საჯარო მოხელეებს მათი უფლებები, რომ ნებისმიერ მათგანს აქვს სამსახურებრივი საქმიანობის მიღმა პოლიტიკურ საარჩევნო კამპანიაში ჩართვის უფლება, ხოლო მათ ხელმძღვანელებს კანონით ეკრძალებათ სამსახურებრივად დაავალდებულონ ქვეშევრდომები, მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო კამპანიაში.

„მიუხედავად იმისა, რომ კანონით არ არის აკრძალული პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ საარჩევნო თემაზე კომუნიკაცია, ჩვეულრებრივ საარჩევნო აგიტაციასა და დაქვემდებარებული პირებისთვის დავალების მიცემას შორის მკაფიო ზღვარი უნდა გაივლოს. ყველა საჯარო უწყებამ, მათ შორის იმ სტრუქტურებმა, რომელთა მიმართაც მსგავსი ბრალდება გამოითქვა, ამ თვალსაზრისით სათანადო ზომები უნდა მიიღონ“ - აცხადებენ კომისიაში.

მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი შემთხვევა, რომელიც კომისიამ შეისწავლა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ილია ვაშაყმაძის ფარულ აუდიო ჩანაწერს უკავშირდება.

უწყებათაშორისი კომისია როგორც გამგებელს, ასევე გამგეობის წევრებს და „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს დაუკავშირდა.

ილია ვაშაყმაძემ განმარტა, რომ ის დანიშვნის დღიდან რეგულარულ შეხვედრებს მართავს, როგორც მოსახლეობასთან, ასევე პარტიულ აქტივთან და ის აღნიშნულ საქმიანობას, კანონმდებლობის საფუძველზე, როგორც გამგებელი და მეორე მხრივ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწევა.

კომისიის აზრით, ლეგიტიმური ეჭვის საფუძველს ბადებდა გამგებლის თხოვნა შეხვედრის მონაწილეებისადმი, არ გაეხადათ მათი საუბრის შინაარსი საჯარო, თუმცა, კომისია თვლის, რომ აუდიო ჩანაწერში სამსახურებრივი დავალდებულების ნიშნები მართლაც არ ჩანს.

„მიუხედავად ამისა, კომისია რეკომენდაციას აძლევს ოზურგეთის გამგეობას განუმარტოს გამგეობის ყველა თანამშრომელს, რომ სამსახურებრივი საქმიანობის მიღმა საარჩევნო კამპანიაში ჩართვა ნებაყოფლობითი უნდა იყოს და რომ არავის აქვს უფლება, საკუთარი სურვილის წინააღმდეგ, ისინი დაავალდებულოს, რომელიმე პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ იმოქმედოს“ - ნათქვამია განცხადებაში.

ბეჭდვა