იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ეკა ბესელია, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი დღეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მოწვეულ ექპერტს, მარი-ანდრე ლაჟუიეს შეხვდნენ.
ექსპერტმა პარლამენტის წევრებს პარლამენტის სასწავლო ცენტრის საჭიროებათა კვლევის შედეგები და რეკომენდაციები გააცნო.
როგორც მარი-ანდრე ლაჟუიემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ: პარლამენტმა, უპირველეს ყოვლისა, დანერგოს სისტემური მიდგომა დეპუტატებისა და თანამშრომლების სწავლებისა და მათი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისათვის; გამოყოს საჭირო ადამიანური, ფინანსური, ტექნიკური და მატერიალური რესურსი; დასახოს მისია, შეიმუშაოს სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები და შექმნას საფუძველი სასწავლო ცენტრის მდგრადი ფუნქციონირებისათვის
ექსპერტმა პარლამენტის წევრებს პარლამენტებში სასწავლო ცენტრების ფუნქციონირების შესახებ საერთაშორისო მოდელები გააცნო. მან დეტალურად ისაუბრა იმ რეკომენდაციებზეც, რომლებიც სასწავლო ცენტრის საქმიანობას კიდევ უფრო მოქნილსა და მობილურს გახდის.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ აღნიშნა, უკვე მიმდინარეობს რეფორმის პროცესი კვლევითი ცენტრის ახალი საჭიროებების და ახალი გამოწვევების მიხედვით: „ერთ-ერთ საინტერესო პილოტურ პროგრამას ვახორციელებთ პარლამენტში, რომელიც ჩვენი ინიციტივით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით შედგა - ეს არის ახალი თანამშრომლებისა და პარლამენტის წევრებისთვის სპეციალური მომზადების კურსები, რომლებსაც ისინი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გადიან“.
ეკა ბესელიას განცხადებით, საინტერესო და მნიშვნელოვანია წარმოდგენილი კვლევა.
„ექსპერტს, რომელიც NDI-ის და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით ატარებს ამ კვლევას, ახალი ხედვა აქვს, როგორ უნდა მოხდეს სასწავლო ცენტრის რეფორმა და სრულიად ახალი შესაძლებლობების გაჩენა, რაც პარლამენტის საკანონმდებლო, საზედამხედველო და, მათ შორის, ანალიტიკურ ფუნქციებსაც გაზრდის. ამ რეკომენდაციებს, რაც კვლევაშია, სრულად ვეთანხმები და საჭირო იქნება ახლა პარლამენტის თავმჯდომარესთან და კოლეგებთან ერთად ამ საკითხზე გადაწყვეტილებების მიღება, იმიტომ, რომ ეს ძალიან სჭირდება პარლამენტს - როგორც პარლამენტის წევრებს, ასევე აპარატს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
