საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის
ზაზა გაბუნიას განცხადებით, ხელისუფლებას მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ზრდასთან დაკავშირებით გამოწვევა და მის საპასუხოდ მკაფიო გეგმაც აქვს.
ამის შესახებ გაბუნიამ ზუგდიდის საკრებულოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვით, ზუგდიდის საკრებულოში პეტიციის დასარეგისტრირებლად მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 1%-ის ნაცვლად, 0,5 % იქნება საკმარისი.
„დღეს ჩვენ გვაქვს გამოწვევა, რომელიც მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ზრდას უკავშირდება და რაც მთავარია ხელისუფლებას გვაქვს მკაფიო გეგმაც, რომ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ დეცენტრალიზაციის რეფორმით, უტრეხტის ოქმის რატიფიცირებით და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებით. ამასთან, ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებების გვერდით, მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლებების როლიც. სწორედ ამ ფონზე, მისასალმებელია ზუგდიდის საკრებულოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ეს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანო იყენებს დისკრეციულ უფლებამოსილებას და ამარტივებს პეტიციის წარდგენის წესს, რაც კარგ წინაპირობას შექმნის მოქალაქეთა ჩართულობისა და მონაწილეობის გასაზრდელად"- განაცხადა გაბუნიამ.
პეტიციის დასარეგისტირებლად აუცილებელი ხელმომწერის რაოდენობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 22 მარტს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად განახევრდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 101 ათას 219 ამომრჩეველი ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, მოქალაქეთა პეტიციის რეგისტრაციისათვის 600-მდე ამომრჩევლის ხელმოწერა საკმარისი იქნება
