საქართველოში რთველს პოლიტიკური ფასი აქვს. ამის შესახებ პარტია „ახალ მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ თელავში
გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხდა.
მისი თქმით, ყურძენზე დაბალი ფასი და გაუსაღებელი ღვინო მხოლოდ რუსული ბაზრის დაკარგვით არ არის გამოწვეული და ამ პრობლემის შექმნაში არანაკლები წვლილი სპირტის იმპორტის ბიზნესში არსებულ მონოპოლიას მიუძღვის.
„იმისთვის, რომ გლეხმა სარგებელი ნახოს და არც ღვინის ქარხნები ჩავარდნენ მძიმე მდგომარეობაში აუთვისებელი ღვინო-მასალის გამო, იმისთვის, რომ შემოდგომაზე არჩევნების შემდგომ ინფლაციური პროცესი შეუქცევადად არ გაღრმავდეს, საჭიროა, ყურძნის მოსავლიანობის მაჩვენებლის აღრიცხვა“- განაცხადა ჩიხრაძემ და აღნიშნა, რომ ამის საფუძველზე, ყურძნის საბაზრო ფასის მიხედვით უნდა დაანგარიშდეს ბიუჯეტიდან გამოსაყოფი ფინანსები. საბიუჯეტო თანხები გამოყენებულ უნდა იქნას ღვინისა და საკონიაკე სპირტის სახელმწიფო მარაგის შესაქმნელად.
ჩიხრაძის განმარტებით, ამ სქემით მოგებული დარჩება გლეხიც, მეწარმეც და სახელმწიფოც. მისი თქმით, წაგებული მხოლოდ ის მონოპოლისტი კომპანიები დარჩებიან, რომელთაც სპირტის იმპორტის ბიზნესი აქვთ ხელში ჩაგდებული.
