მიხეილ ჩხენკელი: კონსტიტუციური ცვლილებები, ჩვენი ხალხის უზენაესი ფასეულობებისა და ინტერესების დაცვის კიდევ უფრო მაღალ გარანტიებს ქმნის
მიხეილ ჩხენკელი: კონსტიტუციური ცვლილებები, ჩვენი ხალხის უზენაესი ფასეულობებისა და ინტერესების დაცვის კიდევ უფრო მაღალ გარანტიებს ქმნის
22:19 23.03.2018
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მიესალმება კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც უზენაესი ფასეულობებისა და ინტერესების დაცვის კიდევ უფრო მაღალ გარანტიებს ქმნის.
„დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი დღეა. უმთავრეს სამართლებრივ დოკუმენტში, საქართველოს კონსტიტუციაში შევიდა ცვლილებები, რომლებიც ჩვენი ხალხის უზენაესი ფასეულობებისა და ინტერესების დაცვის კიდევ უფრო მაღალ გარანტიებს ქმნის.
მივესალმებით ცვლილებას სახელმწიფო ენის დაცვასთან დაკავშირებით, რომელიც პირველად გაჩნდა კონსტიტუციაში. ეს ჩანაწერი ჩვენი უნიკალური, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ენის სტატუსს განამტკიცებს და მისი დაცვის პასუხისმგებლობას გვაკისრებს სახელმწიფოსა და თითოულ ჩვენგანს.
უმნიშვნელოვანესია კონსტიტუციის დონეზე ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფალი სარგებლობის საყოველთაო უფლების ასევე პირველად აღიარება. ინტერნეტის წვდომის უფლების გარანტია უზრუნველჰყოფს სერვისებზე მეტ წვდომასა და ამდენად, უფრო დინამიკურ განვითარებას საქართველოს თითოული მოქალაქისთვის, ქვეყნის ყველა ქალაქსა და სოფელში.
როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, პროფესორი და მოქალაქე, რომელიც კარგად აცნობიერებს აკადემიური პროცესის მაღალი ხარისხის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებისთვის, განსაკუთრებით მივესალმები ჩანაწერს აკადემიური საქმიანობის თავისუფლების შესახებ.
დაუშვებელი და გაუმართლებელია ადამიანის აკადემიურ საქმიანობაში ჩარევა.
ამიტომ, აკადემიური თავისუფლების ესოდენ მაღალი გარანტიების შექმნა მნიშნველოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია აკადემიური ხარისხის ამაღლებისა და თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის შექმნის გზაზე.
მისასალმებებლია 30-ე მუხლის სათაურში ბავშვთა უფლებების ხსენება. ვენეციის კომისიის მიერ მხარდაჭრილი, ბავშვთა უფლებების დაცვისა და განტკიცებისკენ მიმართული ეს ცვლილება ჩვენი საზოგადოების უმთავრესი ინტერსის: ჩვენ ბავშვებზე, ქვეყნის ხვალინდელ დღეზე ზრუნვის გამოხატულებაა.
ვულოცავ ამ დღეს ჩვენ საზოგადოებას, და მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით სამოქალაქო თანხმობის განსამტკიცებლად და ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ბეჭდვა