ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი
წერეთელი, გერმანიაში ვიზიტით იმყოფება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გიგი წერეთელმა შეხვედრა გამართა ბუნდესტაგის თავმჯდომარესთან, ვოლფგანგ შოიბლესთან, რომელთანაც 7-11 ივლისს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ბერლინში გამართვასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები გამართა. ამ შეხვედრაზე ხელი მოეწერა თანამშრომლობის შეთანხმებას გერმანიის ბუნდესტაგსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას შორის.
გიგი წერეთელი, ბერლინში ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის სახელმწიფო მინისტრს საგარეო საკითხებში, ნილს ანნენს შეხვდა. შეხვედრაზე საუბრის მთავარ თემას უსაფრთხოების საკითხები, რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის მომხდარ ინცინდენტი, უკრაინის კონფლიქტში ეუთოს ჩართულობა და მინსკის შეთანხმების შესრულების საკითხები წარმოადგენდა. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მწვავე პრობლემებსა და აქტიური მოქმედების აუცილებლობაზე, ასევე ვიზალიბერალიზაციის შემდგომ ვითარებასა და საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ბუნდესტაგში ვიზიტისას მონაწილეობა მიიღო სხდომაში, სადაც ანგელა მერკელის კანცლერის ხელახლა არჩევის შემდეგ, პირველი გამოსვლა შედგა. ბუნდესტაგშივე გაიმართა შეხვედრები გერმანიის მმართველი ფრაქციის ლიდერ, იოჰან ვადეფულსა და სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლებთან.
