საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობამ
მხარი საკუთარ კანდიდატს დაუჭირა, უმცირესობამ კი ხმა თავის კანდიდატს მისცა.
ამის შესახებ კობახიძემ პლენარულ სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატების არჩევასთან დაკავშირებით ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„მე მქონდა წინასწარი კონსულტაციები საპარლამენტო უმცირესობასთან. ბუნებრივია, შესაძლებელი იყო იმ ვარიანტის განხილვა, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ორპარტიული მხარდაჭერით გადის ორი კანდიდატი, თუმცა ამაზე უარი ითქვა საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან. შესაბამისად, ჩვენ დავუჭირეთ მხარი ჩვენს კანდიდატს და საპარლამენტო უმცირესობამ დაუჭირა მხარი თავის კანდიდატს. ეს იყო სამწუხაროდ, საპარლამენტო უმცირესობის პოზიცია, რის საფუძველზეც ჩამოყალიბდა ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება.
ეს იყო უმრავლესობის გადაწყვეტილება. თქვენ ნახეთ, რომ სხვა კანდიდატებმაც მიიღეს ხმების საკმაოდ დიდი რაოდენობა, თუმცა ყველაზე მეტი ხმა ზაზა შათირიშვილმა დააგროვა. ეს იყო უმრავლესობის და მისი დეპუტატების გადაწყვეტილება“-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
