პარლამენტარის, რატი იონათაშვილის განცხადებით, "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატანი ცვლილებები
ქმნის სამართლებრივ გარანტიებს, რათა არც ერთ უმაღლესი თანამდებობის პირს არ გაუჩნდეს სურვილი საკუთარი თანამდებობა არაკეთილსინდისიერად გამოიყენოს.
„მივესალმები საპარლამენტო ფრაქციის "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის და ფრაქციის წევრის ანრი ოხანაშვილის დღევანდელ ბრიფინგს, სადაც მათ საზოგადოებას "გირგვლიანის შესწორებების” საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინეს. ჩვენ შევასრულეთ დანაპირები და კანონის პროექტი ინიცირებისთვის უკვე მზადაა. "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატანი ცვლილებები ქმნის სამართლებრივ გარანტიებს, რათა არც ერთ უმაღლესი თანამდებობის პირს არ გაუჩნდეს სურვილი საკუთარი თანამდებობა, ან გავლენა დანაშაულებრივი მიზნით ბოროტად და არაკეთილსინდისიერად გამოიყენოს. რისი ტრაგიკული გამოცდილებაც რამდენიმე წლის უკან გვქონდა, როცა სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ მთელი სახელმწიფო მანქანა მოქმედებდა. ყოველივე ეს იყო შეთქმულება არა მხოლოდ ერთი ადამიანის და ოჯახის, არამედ მთლიანად სახელმწიფო ინსტიტუციების წინააღმდეგ, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება.
როცა ჩვენ ვახსენებთ სანდროს სახელს, მიმაჩნია რომ დამატებით პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას ვიღებთ, ამიტომ, მიმაჩნია, რომ აღნიშნული ინიციატივა ეხმაურება, როგორც წარსულის მწარე გამოცდილებას, ასევე, მიმართულია უკეთესი მომავლისაკენ, სადაც თითოეული ჩვენთაგანი ნებისმიერ გადაწყვეტილებას მეტი პასუხისმგებლობით, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს“- განაცხადა იონათაშვილმა.
