პარტია „ახალი მემარჯვენეები“ ხელისუფლებას თავისუფალ მედიასაშუალებებზე რეპრესიული ქმედებების განხორცილებაში ადანაშაულებენ.
ამის შესახებ ნათქვამია „მემარჯვენეების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ანტენების დაყადაღებას ეხება.
„ტელეკომპანია „მაესტროს“ მიმართ ხელისუფლების მიერ განხორციელებული სანქციები მედიის თავისუფლების სტანდარტებს არღვევს და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას არ ემსახურება. მოვუწოდებთ ხელისუფლებას - შეწყვიტოს თავისუფალი მედიასაშუალების მიმართ აშკარად რეპრესიული ქმედებები და დაიცვას მედიის თავისუფლების საყოველთაოდ აღიარებული ნორმები“ - ნათქვამია განცხადებაში.
პარტია მიიჩნევს, რომ „მაესტროს“ შემთხვევა განსხვავდება „გლობალ TV“-ს მიერ დაგეგმილი ე.წ. გავრცელების არეალის გაფართოების ღონისძიებისგან, რადგან აღნიშნული ტელეკომპანია პირდაპირ არ ასოცირდება პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართულ რომელიმე პოლიტიკოსთან ან პოლიტიკურ პარტიასთან.
„სრულიად გაუგებარია „მაესტროს“ მიმართ მთავარი პროკურატურისა და საქალაქო სასამართლოს მიერ განხორციელებული სანქციები და ეს პირდაპირ აღიქმება, როგორც ელექტორატისთვის ხელის შეშლა წინასაარჩევნო პერიოდში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებისგან მიიღოს ალტერნატიული ინფორმაცია და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი“ - ნათქვამია „ახლების“ განცხადებაში.
ამასთან, „მემარჯვენეების“ შეფასებით, ხელისუფლება ვალდებულია ფაქტთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია წარადგინოს და კვალიფიციური იურიდიული განმარტებები გააკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებაში იქმნება განცდა, რომ ამ გზით ისინი წინასაარჩევნო პერიოდში ებრძვიან ინფორმაციის თავისუფლად მიღების და გავრცელების კონსტიტუციურად მინიჭებულ უფლებას.
საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტური ანტენების დაყადაღების მოთხოვნით მიმართადა პროკურატურამ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურატურის ინფორმაციით, სატელევიზიო ანტენების უსასყიდლოდ გადაცემით, ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ პოლიტიკური ორგანიზაცია „ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული კომპანია „ელიტა ბურჯის“ ხელმძღვანელ პირთა დავალებით, კომპანია „მაესტროს“ მიერ საქართველოში დიდი ოდენობით ანტენების შემოტანის ფაქტი დაადგინა.
განცხადების თანახმად, გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ აღნიშნულ ანტენებს მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ გადასაცემად გამოიყენებენ, იმავე სქემით, როგორც ეს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიერ განხორციელდა.
ტელეკომპანია „მაესტრო“ აქციის ფარგლებში, მოსახლეობისთვის სატელიტური ანტენების დამონტაჟებას უფასოდ აპირებდა.
