„ატსტუპნიკებისა“ და დევნილების პრობლემებს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის აპარატი გულისყურით მოეკიდება და მათ პრობლემების
მოგვარებაში დაეხმარება - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ლაღიძემ საკანონმდებლო ორგანოს წინ გამართული აქციის მონაწილეებისა და პარლამენტის იურიუდიული კომიტეტის აპარატის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, „ატსტუპნიკებს“ აპარტის წარმომადგენლებმა 30 ათასი ხელმოწერის შეგროვება ურჩიეს, რის შემდეგაც ატსტუპნიკების პრობლემასთან დაკავშირებით კანონპროექტი პარლამენტს წარედგინება. იგი წლების წინ მათ მიერ შეძენილი საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემას გულისხმობს.
რაც შეეხება დევნილებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ლაღიძის განცხადებით, იურიდიული კომიტეტის აპარატში მათ კოლექტიური განცხადების მომზადება ურჩიეს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე.
„პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში დახმარებას დაგვპირდნენ, ამიტომ, აქციის მონაწილეები ამ ეტაპზე პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას არ მიმართავენ, თუმცა, თუ მათი დაპირებები მორიგი ტყუილი აღმოჩნდა, ისინი შიმშილობას დაიწყებენ“ - აღნიშნა ლაღიძემ.
მისი თქმით, „ატსტუპნიკებისა“ და დევნილების საპროტესტო აქციები მალე სხვა ქალაქებსაც მოიცავს. დღეს კი, მორიგი აქცია პარლამენტის წინ გამართეს, სადაც ერთ-ერთ მონაწილეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა.
