გორის რაიონის სოფელ კარალეთში შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი სცემეს.
ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ის გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წიწიკაშვილის თქმით, კარალეთში მხარდამჭერებთან შესახვედრად „ქართული ოცნების“ აქტივისტები იმყოფებოდნენ, რომლის ჩაშლაც სოფლის გამგეობის თანამშრომლებმა და ბადრი ბასიშვილთან დაახლოებულმა პირებმა სცადეს. აღნიშნულ პროცესში მათ ფიზიკური შეურაცხყოფა ჟურნალისტებსაც მიაყენეს.
კოალიციის გორის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის თამაზ შიოშვილის თქმით, კარალეთში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ჩასვლას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
მისი თქმით, კოალიციის ლიდერები და წარმომადგენლები დღეს დევნილთა დასახლებაში ჩავიდნენ და დევნილებთან შეხვედრას გეგმავდნენ, თუმცა, როგორც კი ისინი ავტომანქანებიდან გადმოვიდნენ, მათ ქვები დაუშინეს.
