საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აპრილიდან იმ წინადადებების
განხილვა დაიწყება, რომლის საფუძველზეც შემუშავდება კანონპროექტები, რომლებიც საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობას კიდევ უფრო განამტკიცებს.
ამის შესახებ კობახიძემ სასამართლო რეფორმის მთავარი მიმართულებების სამუშაო ჯგუფის მეხუთე შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენი შეხვედრა შედგება აპრილის დასაწყისში, სადაც დეტალურად განიხილება ეს წინადადებები, რომლის საფუძველზეც შემუშავდება კანონპროექტები, რომლის საფუძველზეც კიდევ უფრო უნდა განმტკიცდეს საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა და უნდა გაუმჯობესდეს სასამართლო სისტემის ეფექტიანობა“ -განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრა, რომელიც დღეს გაიმართა იყო კონსტრუქციული და შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო შეხვედრისთვის სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, კონკრეტულ წინადადებებს წარმოადგენენ.
„ჩვენ გვქონდა დღეს ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ როგორც სასამართლო კორპუსის, და მთავრობის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო პარტნიორები ნდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ჩვენ განვიხილეთ სამომავლო პროცესი, რომელიც დაკავშირებულია სასამართლო რეფორმასთან. ჩვენ ვთხოვეთ თითოეულ მონაწილეს, რომ შემდეგ შეხვედრამდე, რომელიც შედგება აპრილის დასაწყისში, წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები იმ ოთხ ძირითად საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უნდა იქნეს გათვალისწინებული სასამართლო რეფორმის ფარგლებში“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
