პარლამენტარის, ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, გარემოს დაცვის კომიტეტის სამუშაო ჯგუფისთვის
ისეთი თემები შეირჩევა, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობასთანაა დაკავშირებული.
ამის შესახებ ზარდიაშვილმა კახა კუჭავას ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ფარგლებში სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას.
„მინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავას ინიციატივას „საკომიტეტო მოკვლევასთან“ დაკავშირებით. აღნიშნული ინიციატივის მიხედვით, გარემოს დაცვის კომიტეტის ფარგლებში შეიქმნება ყველა საპარლამენტო პარტიიდან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რომელის მუშაობაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნება საკითხით დაინტერესებულ ყველა ადამიანსა თუ ორგანიზაციას. მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო ჯგუფისათვის განსახილველად შეირჩევა ისეთი თემები, რომლებიც საზოგადოების ინტერესშია, დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასა და ჩვენი შვილების მომავალთან. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთ პირველ თემად შეირჩა თბილისში ჰაერის ხარისხის დაბინძურების საკითხი, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს აწუხებს. დარწმუნებული ვარ ჯგუფის მუშაობის შედეგად მიღებული დირექტივები და რეკომენდაციები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თბილისში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას. რაც ყველაზე მთავარია, სამუშაო ჯგუფი ზედამხედველობას განახორციელებს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე, რაც ხელს შეუწყობს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას“- განაცხადა ზარდიშვილმა.
