კოალიციიდან დეპუტატობის ყველაზე მეტი კანდიდატი „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ეყოლება
კოალიციიდან დეპუტატობის ყველაზე მეტი კანდიდატი „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ეყოლება
14:34 12.07.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი პარტიებიდან მაჟორიტარობის ყველაზე მეტი კანდიდატი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ეყოლება.

ამის შესახებ კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის დროს განაცხადა.

მისი თქმით, კოალიციის წევრ პარტიებს შორის მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევის საკითხზე განხეთქილება არასდროს ყოფილა.

„თავიდანვე შეთანხმებული იყო, რომ მაჟორიტარი კანდიდატების არანაკლებ 55% სწორედ ახალი პარტიიდან დასახელდებოდა“ - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატების რაოდენობაზე პარტიებს შორის პრინციპული შეთანხმება მიღწეულია, იმ შემთხვევაში თუ სხვა პარტიას უკეთესი კანდიდატურა ეყოლება ის დასახელდება.

ამასთან, ივანიშვილის თქმით, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალმა პარტიებმა არაერთხელ გამოთქვეს ერთ პარტიად გაერთიანების სურვილი, თუმცა, ის ამ გაერთიანების კატეგორიული წინააღმდეგია.

მისივე თქმით, კოალიციაში მინიმუმ სამი პარტიის ფუნქციონირება მისი პრინციპული პოზიციაა, რათა ერთპარტიული პარლამენტი არ მივიღოთ.

ბეჭდვა