ივანიშვილი - საქართველოს მოსახლეობა „ქართულ ოცნებას“ ისე ელოდება, როგორც თოვლის ბაბუას
ივანიშვილი - საქართველოს მოსახლეობა „ქართულ ოცნებას“ ისე ელოდება, როგორც თოვლის ბაბუას
14:09 12.07.2012
საქართველოს მოსახლეობა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას ისე ელოდება, როგორც თოვლის ბაბუას.

ამის შესახებ კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად თამაზ ჯაფარიძის წარდგენისას განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ჯაფარიძე სამი წელია საქართველოს „თოვლის ბაბუის“ სტატუსს ატარებს.

„თამაზ ჯაფარიძე ჩვენი კოალიციის თოვლის ბაბუად უნდა დარჩეს, რადგან საქართველოს მოსახლეობას ასეთი მოლოდინი აქვს“ - აღნიშნა „ქართული ოცნების“ ლიდერმა.

მისივე თქმით, გუშინ ის, მედიის გარეშე, ბათუმის პორტში იმყოფებოდა, ასევე, სოფელ შროშაში მოსახლეობას შეხვდა.

„გუშინ ბათუმში ადრე მომივიდა ჩასვლა და პორტში, დაცვისა და მედიის გარეშე, 10 წუთით გასეირნება გადავწყვიტე. გულწრფელად გაოცებული დავრჩი, რომ ყველამ მიცნო და მოწიწებით, სიყვარულით და იმედით მესალმებოდნენ. წამოსვლისას სოფელ შროშასთან გავჩერდი, სადაც, ყველამ მიატოვა ვაჭრობა და ძალიან თბილი შეხვედრა მომიწყეს“ - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ხალხი სწორედ როგორც თოვლის ბაბუას, ისე ელოდება „ქართულ ოცნებას“.

ბეჭდვა