ნოდარ ჯავახიშვილი ვლადიმერ უგულავას ჯერ არ შეხვედრია
ნოდარ ჯავახიშვილი ვლადიმერ უგულავას ჯერ არ შეხვედრია
13:36 12.07.2012
„ქართუ ჯგუფის“ ახლადდანიშნული იძულებითი მმართველი ვლადიმერ უგულავა ჯერჯერობით „ქართუ ბანკის“ გენერალურ დირექტორს ნოდარ ჯავახიშვილის არ შეხვედრია.

როგორც „ნიუსპრესთან“ საუბრისას ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, მისთვის უცნობია რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ და როგორ წარიმართება პროცესები ბანკში.

„ეს არც საკანონმდებლო დონეზე და არც სადმე გაწერილი პროცედურა არ არის. მე სასამართლოს გადაწყვეტილებაც კი არ მაქვს და არ ვიცი მასში რა წერია. ამიტომ რაზე იქნება დამოკიდებული პროცესები არავინ იცის. როგორც იქნება მივიღებ ფაქტს, გავაანალიზებ და გადაწყვეტილებას მივიღებ “ - განაცხადა ჯავახიშვილმა.

რაც შეეხება იძულებით მმართველს ვლადიმერ უგულავას, ჯავახიშვილის თქმით, როგორც მისი ბიოგრაფიიდან ჩანს, რომელიც ინტერნეტში ამოიკითხა, მას საკმაოდ საინტერესო გზა აქვს გავლილი.

„შესაძლოა, ვიცნობ კიდეც, მაგრამ არ მახსოვს“ - განაცხადა ჯავახიშვილმა.

„ქართუ ჯგუფის“ აქციათა 100%-ის და პროგრეს ბანკის აქციათა 21.71%-ის იძულებით მმართველად ვლადიმერ უგულავა დაინიშნა, გადაწყვეტილება ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მიიღო.

უგულავას განაცხადებით, ის სასამართლოს მიერ დაკისრებულ ფუნქციებს შეასრულებს და „ქართუ ჯგუფში“ მომუშავე პერსონალის უფლებებს დაიცავს.

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, საქალაქო სასამართლოს „ქართუ ჯგუფისა“ და „პროგრეს ბანკის“ აქციების იძულებითი მართვის რეჟიმში გადაყვანის შუამდგომლობით გუშინ მიმართა. აღსრულების ბიუროში განმარტავენ, რომ იძულებითი მართვა აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების მმართველის დანიშვნასა და იძულებითი მართვის შედეგად მიღებული თანხებით კრედიტორის ეტაპობრივად დაკმაყოფილებას გულისხმობს. იძულებითი მართვის პროცესის დასრულებამდე, იძულებითი მმართველი მესაკუთრის ყველა უფლებით სარგებლობს, ხოლო ქონება მოვალის საკუთრებაში რჩება.

აღსრულების ეროვნულ ბიუროს აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების იძულებითი მართვის რეჟიმში გადაყვანის მოთხოვნით საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიმართა.

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, 26 ივნისს ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს „ქართუ ჯგუფში“, აქციების 100%-ს სს „ქართუ ბანკში“ და აქციების 21.7%-ს სს „პროგრეს ბანკში“. შესაბამისად, აღსრულების ბიურომ „ქართუ ჯგუფის“ აქციების 100% და „პროგრეს ბანკის“ 21.7% აუქციონზე გაიტანა, რომელიც 10 ივლისს უშედეგოდ დასრულდა - ქონება არ გაიყიდა.

ბიძინა ივანიშვილს სასამართლომ ამომრჩევლის მოსყიდვის მიზეზით, 75 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.



ბეჭდვა