ივანიშვილი - სააკაშვილი და მერაბიშვილი ღრმად არა თუ ეკონომიკაში, პოლიტიკაშიც ვერ ერკვევიან
ივანიშვილი - სააკაშვილი და მერაბიშვილი ღრმად არა თუ ეკონომიკაში, პოლიტიკაშიც ვერ ერკვევიან
13:25 12.07.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ღრმად არა თუ ეკონომიკაში, პოლიტიკაშიც ვერ ერკვევიან.

ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს დღეს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ განუცხადა.

მისი შეფასებით, ახალი პრემიერ-მინისტრი თავს უკვე პროფესიონალ პოლიტიკოსად და ეკონომისტად მიიჩნევს.

„მეკითხებიან იმასთან დაკავშირებით, რომ მერაბაშვილს მე პროფესიონალად მივიჩნევ, მინდა გითხრათ, რომ სააკაშვილიც და მერაბიშვილიც არა თუ ეკონომიკაში, პოლიტიკაშიც ვერ ერკვევიან ღრმად, მიუხედავად მათი 8 წლიანი გამოცდილებისა“ - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე შეფასებით, პრემიერის მიერ წარდგენილი სამთავრობო პროგრამა „ქართული ოცნებისგან“ გადაწერეს და პლაგიატობისაც არ ერიდებათ.

„ხელისუფლების პოლიტიკა და გუნდური მუშაობა, ასევე ის, რასაც ესენი რეფორმებს უწოდებენ, ძალადობაზეა დამყარებული და სხვანაირად ვერც წარმოუდგენიათ“ - აცხადებს ივანიშვილი.

ბეჭდვა