საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნელებთან და
ექსპერტებთან ერთად კომიტეტის სტრატეგიის სამუშაო ვერსიის განხილვა მოეწყო, რომელსაც კომიტეტი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ამუშავებს.
სოფიო ქაცარავამ დამსწრე საზოგადოებას სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
„კომიტეტის სამოქმედო გეგმა ჩვენს საქმიანობას უფრო მეტად კოორდინირებულს და სისტემურს გახდის. სტრატეგია მოიცავს საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების ამოცანებსა და მიზნებს; ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ ინტერესებს და პრიორიტეტებს, რაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და დეოკუპაციას, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან ურთიერთობის გაძლიერებას და ამ თანამშრომლობის მაქსიმალურ გამოყენებას ნიშნავს“, - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.
მისი თქმით, სტრატეგია ეხმიანება არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს საგარეო კურსის მიმართულებით და მოითხოვს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაძლიერებას, საპარლამენტო დიპლომატიის აუცილებლობას და საქართველოს ინტერესების აქტიურად გატარებას; ასევე ეკონომიკური კავშირების გაზრდას პარტნიორ ქვეყნებთან, რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას და სამეზობლო პოლიტიკის გაუმჯობესებას.
დოკუმენტი მიმართულია ყველა არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო რესურსის მაქსიმალურად გამოყენებისკენ, რაც დააჩქარებს საგარეო პოლიტიკის მიზნების მიღწევას.
„სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სტრატეგიული კომუნიკაციის კოორდინაციის პროცესში ჩართვასა და საკომიტეტო სხდომების აუცილებლობას ამ მიმართულებით. ეს შეხვედრა მიმართულია დოკუმენტის დახვეწისკენ და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაუმჯობესებისკენ“, - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.
კომიტეტის წევრები და ექსპერტები რიგ ამოცანებზე შეჯერდნენ, რაც ევროკავშირსა და ნატო-ში მომავალ წევრობასთან, აშშ-სთან თანამშრომლობასთან, დეოკუპაციასა და საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებასთანაა დაკავშირებული.
სტრატეგიის განხილვა ასევე, დაგეგმილია საგარეო საქმეთა სამინისტროს, პარლამენტის კომიტეტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
