პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, „ქართუ ბანკის“ წინააღმდეგ ხელისუფლებას არანაირი იურიდიული საფუძველი არ ჰქონია,
იგი „უბრალოდ აიღეს და წაიღეს“.
ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს „ქართუ ჯგუფისა“ და „პროგრეს ბანკის“ აქციების იძულებითი მართვის რეჟიმში გადაყვანის ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.
ივანიშვილის შეფასებით, ხელისუფლება „ქართუ ჯგუფისა“ და „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორისგან ნოდარ ჯავახიშვილისგან მათ სასარგებლოდ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვდა, რაზეც ჯავახიშვილი ვერ დაითანხმეს.
„მათ უნდოდათ, რომ „ქართუ ბანკი“ დაეხურათ და ამისთვის ყველაფერი გააკეთეს - შეცვალეს კანონი, უკანონოდ ჩამოართვეს ბანკს ქონება, დააკავეს საინკასაციო მანქანა. თუმცა, მაშინ ბანკის დახურვას ვერ მიაღწიეს, რადგან მე დავეხმარე. ახლა ყოველგვარი ლოგიკის გარეშე, ბანკი აიღეს და წაიღეს. ეს არის ამ ხელისუფლების დემოკრატია და მისი მმართველობს ფორმა“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე შეფასებით, „ქართუ ბანკის“ წინააღმდეგ კამპანიას უშულოდ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს.
„სააკაშვილს უყვარს გამოთქმა - „ჩვენ ევროპას გავაოცებთ“, ის ევროპას მართლაც აოცებს, მაგრამ არა იმ სისულელების ლაპარაკით, რისიც თვითონვე სჯერა, არამედ ქვეყანაში განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით და იმ უკანონობით, რომელიც ბანკის წინააღმდეგ განხორციელდა“ - განაცხადა კოალიციის ლიდერმა.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ხელისუფლება ისეთ რთულ საქმეებს არასდროს ხურავს, როგორიცაა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას სიკვდილი, სანდრო გირგვლიანის მკვლელობა და „ქართუ ბანკის“ მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებები, რათა თავი საბოლოოდ არ შეირცხვინოს.
„ამ ხელისუფლებაში მართლაც საოცრების ჩადენის ოსტატები არიან“ - მიაჩნია ივანიშვილს.
„ქართუ ჯგუფისა“ და „პროგრეს ბანკის“ აქციები იძულებითი მართვის რეჟიმში გადავიდა, რომლის მმართველად ვლადიმერ უგულავა დაინიშნა. იძულებითი მართვის შედეგად მიღებული თანხებით კრედიტორი ეტაპობრივად უნდა დაკმაყოფილდეს.
„იძულებითი მართვის პროცესის დასრულებამდე, იძულებითი მმართველი სარგებლობს მესაკუთრის ყველა უფლებით, ხოლო ქონება რჩება მოვალის საკუთრებაში“ - ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 ივნისს გაცემული
სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, 26 ივნისს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს „ქართუ ჯგუფში“, აქციების 100%-ს სს „ქართუ ბანკში“ და აქციების 21.7%-ს სს „პროგრეს ბანკში“. შემდეგ აღნიშნული ქონება აუქციონზე გაიტანეს, თუმცა, იგი არ გაიყიდა.
ივანიშვილს სასამართლომ ამომრჩევლის მოსყიდვის მიზეზით, 75 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა, რომლის გადახდასაც იგი არ აპირებს.
