დავით ზალკალიანი ხანდაზმულ პირთა უფლებების საკითხებზე გაერო-ს დამოუკიდებელ ექსპერტს შეხვდა
 დავით ზალკალიანი ხანდაზმულ პირთა უფლებების საკითხებზე გაერო-ს დამოუკიდებელ ექსპერტს შეხვდა
17:46 14.03.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი ხანდაზმულ პირთა უფლებების საკითხებზე გაერო-ს დამოუკიდებელ ექსპერტს, როზა კორნფელდ-მატეს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართული მხარე მიესალმა დამოუკიდებელი ექსპერტის ვიზიტს საქართველოში და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისსა და გაერო-ს სპეციალური მანდატის მფლობელებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის, მათ შორის, ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილეს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე გამახვილდა ყუადღება, სადაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ ხორციელდება საერთაშორისო მონიტორინგი და ყოველდღიურად მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებ ირღვევა.
საუბარი შეეხო ასევე, მიმდინარე წლის 22 თებერვალს, სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს სამი მოქალაქის უკანონო დაკავებისა და ერთ-ერთი მათგანის - არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტებს.
როზა კორნფელდ-მატეს ვიზიტი ხანდაზმულ პირთა უფლებების საკითხებზე დამოუკიდებელი ექსპერტის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში, რომელიც 12 მარტს დაიწყო და 22 მარტამდე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში დამოუკიდებელი ექსპერტი საქართველოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს შეხვდება. განხორციელებული ვიზიტის საფუძველზე გაერო-ს წარმომადგენელი შესაბამის ანგარიშს მომაზადებს.

ბეჭდვა