ფინანსთა სამინისტრო თანამდებობის პირთა საარჩევნო პროცესებში ჩართვას უარყოფს
ფინანსთა სამინისტრო თანამდებობის პირთა საარჩევნო პროცესებში ჩართვას უარყოფს
19:50 11.07.2012
ფინანსთა სამინისტრო უწყების თანამდებობის პირთა მიერ თანამდებობრივი მდგომარეობის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებას კატეგორიულად უარყოფს.

როგორც სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ფინანსთა სამინისტროს არასდროს მიუღია და არც მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას თანამშრომლებისთვის საარჩევნო ვალდებულებების დაკისრებაზე და საარჩევნო კამპანიაში თანამშრომლების ჩართვაზე.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, სადაც ისინი წინასაარჩევნო პროცესებში სამინისტროს თანამდებობის პირების ჩართვაზე საუბრობენ, არ არის დასახელებული არც ერთი კონკრეტული ფაქტი, თანამდებობის პირი ან საჯარო მოხელე, რაც სამინისტროს ინფორმაციის გადამოწმების საშუალებას მისცემდა.

„იმ შემთხვევაში თუ სამინისტროს რომელიმე თანამშრომლის მიერ, მიუხედავად მისი თანამდებობისა, პირადი ინიციატივით განხორციელდა ან მომავალში განხორციელდება თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოსთვის საფრთხის შემცველი ქმედება და ეს სათანადო მტკიცებულებებით დადასტურდება, სამინისტრო დაუყოვნებლივ მოახდენს კანონით დადგენილ რეაგირებას“ - ნათქვამია განცხადებაში.

5 ივლისს სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ფინანსთა სამინისტროს თანამდებობის პირები თანამდებობრივ მდგომარეობას საარჩევნო მიზნებისათვის იყენებენ, რაც გამოიხატება იმაში, რომ ისინი თანამშრომლებს ავალდებულებენ მხარი დაუჭირონ მმართველ პარტიას და შეადგინონ მხარდამჭერთა სიები. აღნიშნულ ვალდებულებას თან ახლდა თანამშრომელთა მიმართ მუქარა თანამდებობრივი პასუხისმგებლობის შესახებ.

ამავე საკითხის შესწავლის მიზნით სამინისტროს მიმართა უწყებათაშორისმა კომისიამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის.

ბეჭდვა