ზურაბ აბაშიძე: პრემიერის განცხადებაში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე არანაირი მინიშნება არ ყოფილა
ზურაბ აბაშიძე: პრემიერის განცხადებაში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე არანაირი მინიშნება არ ყოფილა
17:33 09.03.2018
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის დღევანდელ განცხადებაში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის თაობაზე მინიშნებაც კი არ არსებობს.

ამ სიტყვებით აბაშიძე პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კვირიკაშილი რუსეთის ხელისუფლებას რთული ვითარების დასაძლევად ერთობლივი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

„ეს არის სახელმწიფო მოღვაწის განცხადება, რომელიც სწორედ ქვეყნის ინტერესებს აყენებს მაღლა, ვიდრე ყოველდღიურ მოსაზრებებს. ასეთი ნაბიჯების გადადგმა სახელმწიფო მოღვაწეს უნდა შეეძლოს და ეს ნამდვილად მისასალმებელია. მაშინ, როდესაც ჩვენ ყველა ბერკეტი გამოვიყენეთ და ამ პროცესში პატრიარქიც ჩაერთო პირადად, ეს პირდაპირი მიმართვის საშუალებაც აუცილებლად გამოსაყენებლი იყო. ის, რომ რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა, ხოლო ჩვენ ამას ვერასდროს შევეგუებით, ესაა ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ჩვენსა და რუსეთს შორის. არანაირი მინიშნება ამ განცხადებაში დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე არ ყოფილა. ამ ვითარებაში ეს საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება და არც დგას“- განაცხადა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილმა ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
პრემიერი რთული ვითარების დასაძლევად რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას ერთობლივი ნაბიჯების გადადგმისკენ მოიწოდებს.
„მივმართავ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, რათა დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად“- ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

ბეჭდვა