საქართველო და ევროკავშირი მეცნიერებისა და ინოვაციის საკითხებში თანამშრომლობას გააძლიერებენ
 საქართველო და ევროკავშირი მეცნიერებისა და ინოვაციის საკითხებში თანამშრომლობას გააძლიერებენ
13:46 08.03.2018
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ევროკომისარს კვლევების, მეცნიერების და ინოვაციების საკითხებში კარლოს მოედაშს შეხვდა.

შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა ძალიან პოზიტიურ და აქტიურ თანამშრომლობას საქართველოს ხელისუფლებასა და კომისიას შორის განსაკუთრებით კვლევებისა და ინოვაციების სფეროში და იმედი გამოთქვა, რომ ეს კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება.
საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისარი თბილისში ვიზიტით მოიწვია. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა დინამიკურ პროგრესს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში და იმ შედეგებს, რომლის მიღებაც ქვეყანამ შეძლო და მომავალშიც აპირებს, მიიღოს ასოცირების შეთანხმების გაფორმების, ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებისა და უვიზო მიმოსვლის დაწესების შემდეგ.
აღინიშნა სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ინტერესია, ქვეყანამ გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რათა ევროკავშირის სტანდარტებთან, ნორმებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბაბამისობაში იყოს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და კომუნიკაცია, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, კულტურა, მეცნიერება და ინოვაციები. ხაზი გაესვა იმას, რომ მეცნიერება და ინოვაციები საქართველოს საშინაო დღისწესრიგის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ბეჭდვა