ალექსანდრე ებრალიძე საპარლამენტო არჩევნების წინ ხელისუფლების მხრიდან გართულებებს არ გამორიცხავს
ალექსანდრე ებრალიძე საპარლამენტო არჩევნების წინ ხელისუფლების მხრიდან გართულებებს არ გამორიცხავს
17:10 11.07.2012
საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი ალექსანდრე ებრალიძე მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ, მოქმედი  ხელისუფლების მხრიდან ვითარების გართულებას არ გამორიცხავს.

ამის შესახებ ოპოზიციური პარტიებისადმი ალექსანდრე ებრალიძის მიმართვაშია ნათქვამი.

როგორც ებრალიძე აცხადებს, იგი პარტია „თავისუფალი საქართველოს“, „ტრადიციონალისტთა კავშირისა“ და პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“ საპარლამენტო არჩევნების წინ გაერთიანების პროცესის დაწყებას მიესალმება.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატების არჩევამდე მხოლოდ 3 თვე დარჩათ.

„მოქმედი ხელისუფლების მხრიდან უდიდეს სირთულეებს უნდა ველოდოთ, რომლის მიზანია ოპოზიციური ძალების გაერთიანება არ დაუშვას. იმისთვის, რომ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით გამოვიდეთ და გავიმარჯვოთ, თქვენი გამაერთიანებელი კავშირის კარი ღია უნდა იყოს ოპოზიციური მოძრაობის ყველა წევრისთვის“ - მიმართავს ებრალიძე ოპოზიციურ პარტიებს.

მისი თქმით, გამარჯვება მხოლოდ ყველა ოპოზიციური ძალის გაერთიანების შემთხვევაშია შესაძლებელი.
ებრალიძის განცხადებით, აღნიშნული პარტიების წარმომადგენლები პირველები არიან, ვინც ამ მიმართულებით ნაბიჯი გადადგეს.

ბეჭდვა