საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები პირველი მოსმენით განიხილეს.
საკითხზე მომხსენებელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ იმ გარემოებებზე ისაუბრა, რამაც საჭირო და აუცილებელი გახადა მშენებლობის სფეროს საკანონმდებლო დონეზე ახლებურად მოწესრიგება. როგორც მომხსენებელმა განაცხადა, საქართველოში ბოლო წლებში წარმოქმნილმა ე.წ. „სამშენებლო ბუმმა“ და მის ფონზე გამოვლენილმა კანონმდებლობის ნაკლოვანებებმა აჩვენა, რომ მოქმედი სამართლებრივი ინსტიტუტები ვერ პასუხობენ იმ გამოწვევებს, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს.
„საქართველოს მთავრობა განაგრძობს ეკონომიკურ რეფორმებს და ამ რეფორმების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია საქართველოში სივრცითი მოწყობა და მშენებლობის საქმიანობის შემდგომი მოწესრიგება. ახალი კოდექსის მიღება განაპირობა შემდეგმა ფაქტორებმა - მშენებლობა ერთ-ერთი სწრაფად მზარდი დარგია საქართველოს ეკონომიკაში, მშენებლობის სექტორში მთლიანი ეროვნული შემოსავლების 8,5% იქმნება და შესაბამისად, საჭიროა მოწესრიგდეს მშენებლობა და სივრცის დაგეგმარების კანონმდებლობა. დასახვეწია ტერმინოლოგია. ამ სფეროში არსებული კანონმდებლობა სივრცითი დაგეგმვის, ქალაქმშენებლობის გეგმების შემუშავებისა და დამტკიცებისთვის ნათლად სტრუქტურირებულ პროცედურას არ ითვალისწინებს“, - განაცხადა ირმა ქავთარაძემ.
მისი ინფორმაციით, პარალელურად შემოსული იყო ალტერნატიული კოდექსის პროექტიც. წამყვანი კომიტეტის ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფში განხილვების შედეგად, კოდექსის ინიცირების შემდეგ, პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. შეიცვალა კოდექსის სათაურიც და „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის“ ნაცვლად პროექტის ახალი სახელწოდება იქნება - „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ და შესაბამისად, პროექტში გარკვეული ცვლილებებიც აისახა.
მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა კანონპროექტის ძირითად დებულებებზე და აღნიშნა, რომ აგრარულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების წარმომადგენლებთან გამართული წინასწარი კონსულტაციების შედეგად, კომიტეტების მხრიდან გამოთქმული წინადადებები პროექტში უკვე გათვალისწინებულია. ირმა ქავთარაძის თქმით, მათ შორის, აგრარულ საკითხთა კომიტეტში გამოითქვა მოსაზრებები, რომ გამოკვეთილიყო მიწის დაცვის და აგრარული საკითხები და პრინციპების დონეზე ისინი პროექტში გათვალისწინებულია.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას განცხადებით, კონსულტაციების რეჟიმი ნამდვილად პროდუქტიული იყო და ის შენიშვნები, რომლებიც კომიტეტისათვის მნიშვნელოვანი იყო, ავტორების მიერ მხარდაჭერილია.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ერთხელ და სამუდამოდ დაარეგულირებს იმ პრობლემას, რომელიც ქვეყნის ქაოტურ განაშენიანებას და ეკოლოგიის საკითხებს უკავშირდება. მისი შეფასებით, ახალი კოდექსი სამომავლოდ ქვეყნის სწორი განვითარების საფუძველი იქნება სამართლებრივი განაშენიანების კუთხით.
ორივე კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
