მიხეილ სააკაშვილი „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ შესანიშნავ იდეას უწოდებს
მიხეილ სააკაშვილი „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ შესანიშნავ იდეას უწოდებს
15:08 11.07.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ შესანიშნავ იდეას უწოდებს. ამის შესახებ მან დღეს, ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს რუკაზე ყოფნა ბევრს უკვირდა.
„ამ დროს „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ შეიქმნა, რაც საქართველოსთვის დიდი შვება იყო. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი რამ იყო რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც. ამიტომ, „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ მნიშვნელოვანია ევროპასთან არა მხოლოდ ჩვენი დაახლოებისთვის“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ზოგიერთი ქვეყანა დსთ-ს წევრად დღემდე რჩება, თუმცა, ყველა აცხადებს, რომ დსთ მათ დისკუსიების ნორმალურ ფორმას არ სთავაზობს.
„სწორედ ამიტომ არ გვწყდება მასზე გული. სხვა ყოფილ წევრებსაც სურთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში ჩართვა. არ გვჯეროდა, რომ 2014 წლისთვის გამარტივებული სავიზო რეჟიმი გვექნებოდა. ასევე, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი შეგვიძლია მივიღოთ“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე განმარტებით, მიმდინარე წელს საქართველოს ასევე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას შეუძლია მიაღწიოს.
„ევროპული პერსპექტივა ჩვენთვის ვილნიუსის სამიტზე გაიხსნება. სწორედ ამას ეძღვნებოდა აქ ევროპის სახალხო პარტიის შეხვედრა პრეზიდენტ მარტენსის მონაწილეობით. საბოლოო დოკუმენტში საუბარია ევროპულ პერსპექტივებზე აღმოსავლური პარტნიორობის წევრი ქვეყნებისთვის“ - განმარტა მიხეილ სააკაშვილმა.
მე-9 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა - ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები” ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ მიმდინარეობს, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.

ბეჭდვა