„ლეიბორისტული პარტია“ ტყეებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შესაძლო გასხვისებას აპროტესტებს.
როგორც პარტიის იდეოლოგიურმა მდივანმა კახა ძაგანიამ განაცხადა, საარჩევნოდ ფინანსების მოპოვების მიზნით, ხელისუფლება ტყეებისა და სასოფლო სამეურნეო სავარგულების გაყიდვის პროცესის განახლებას აპირებს.
„როგორც საყოველთაოდ ცნობილია, „ლეიბორისტული პარტიის“ თავგანწირულმა ბრძოლამ წლების მანძილზე, ტყეები და სასოფლო სავარგულები მასობრივ გაყიდვა-განიავებას გადაარჩინა. ახლახანს ცნობილი გახდა, რომ საარჩევნო მილიონების აკუმლირებისთვის ხელისუფლება ცხელ ზაფხულში გეგმავს ამ პროცესის განახლებას“- განაცხადა ძაგანიამ და აღნიშნა, რომ პარტია ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს - ხელი აიღოს განზრახვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ლეიბორისტები“ არჩევნებამდე ხალხის ქუჩაში გამოყვანით იმუქრებიან.
