კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის საფუძველზე, „სახალხო კრების“ წევრის, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის
ლუკა კურტანიძის საარჩევნო ოლქი ხვალ გამოცხადდება.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა განუცხადა.
რაც შეეხება თავად ჯაჭვლიანს, მისი თქმით, საარჩევნო ოლქი, საიდანაც მან უნდა იყაროს კენჭი, მომავალ კვირას გახდება ცნობილი.
„ალბათ, შემდეგ კვირაში გადაწყდება ჩემი კენჭისყრის ადგილი და გამოცხადდება კიდეც. ლუკა კურტანიძის კენჭისყრის ოლქი ხვალ დასახელდება, მას „სახალხო კრება“ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით წარადგენს“ - განაცხადა ჯაჭვლიანმა.
საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად წარდგენაზე „სახალხო კრების“ წევრების - სოსო ჯაჭვლიანისა და ლუკა კურტანიძის „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის საკითხი გადაწყვეტილია.
„სახალხო კრების“ რამდენიმე წევრთან თანამშრომლობის სურვილი „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პირადად გამოთქვა. როგორც მან მედიას განუცხადა, კოალიცია მზადაა, კრების ზოგიერთ მაჟორიტარ კანდიდატს არჩევნებში მხარი დაუჭიროს.
