ბაღათურია - „ქართული ოცნება“ და „სახალხო კრება“ საბურთალოს რაიონში ჩემი კანდიდატურის შესახებ ინფორმირებულია
ბაღათურია - „ქართული ოცნება“ და „სახალხო კრება“ საბურთალოს რაიონში ჩემი კანდიდატურის შესახებ ინფორმირებულია
13:18 11.07.2012
კოალიცია „ქართული ოცნება“ და „სახალხო კრება“ ინფორმირებული არიან „ქართული დასის“ ლიდერის ჯონდი ბაღათურიას გადაწყვეტილების  შესახებ, საბურთალოს რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭისყრასთან დაკავშირებით.
როგორც ბაღათურიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, 2 თვეზე მეტია ყველა კოლეგა, ვისთანაც მას დიალოგი აქვს, ინფორმირებული იყო ამ განზრახვის თაობაზე და მათ განსხვავებული მოსაზრება არ დაუფიქსირებიათ.
ბაღათურიას თქმით, პოლიტიკოსების ნაწილმა მას მხარდაჭერა აღუთქვა.
„მიუხედავად იმისა, რომ დიალოგი არ დასრულებულა, არ ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებას“, „სახალხო კრებასა“ და ჩვენს შორის, მაჟორიტარულ ოლქებში კონკურენცია იქნება. დიალოგი გრძელდება და ჩვენ ვცდილობთ, რომ საარჩევნოდ ერთიანი ფრონტი შეიქმნას“ - განაცხადა ბაღათურიამ.
მისივე თქმით, მან საბურთალოს რაიონი იმიტომ აირჩია, რომ აღნიშნულ ოლქში ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ის კონსულტაციებს აწარმოებს „ტრადიციონალისტ“ აკაკი ასათიანთან, ბაღათურიამ განაცხადა, რომ მსგავსი კონსულტაციები ასათიანთან არ ჰქონია და მასთან საარჩევნო ბლოკის შექმნას არც გეგმავს.
ბაღათურია ასევე, აცხადებს, რომ „ქართულ დასს“ უკვე გადაწყვეტილი აქვს აჭარაში, სამეგრელოსა და იმერეთის რამდენიმე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა.

ბეჭდვა