საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ სპორტის თემატური ჯგუფი საერთაშორისო თანამეგობრობას და საერთაშორისო სპორტულ
ორგანიზაციებს მიმართვას უგზავნის და საქართველოს ხელისუფლების უკანონო ქმედებებზე სათანადო რეაგირებას სთხოვს.
„ხელისუფლებამ ქვეყანაში სპორტისა და სპორტსმენთა პოლიტიზირება მოახდინა“ - ნათქვამია მიმართვაში, რომელიც ჟურნალისტებს დღეს, „თბილისი მარიოტში“ მოძრაობის სპორტის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა ლევან ყიფიანმა გააცნო.
„საქართველოში მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარებაა, სისტემატიურად ირღვევა ადამიანის უფლებები, ხელისუფლება კი, ილუზიის შექმნას ცდილობს, თითქოს, სახელმწიფო დემოკრატიის გზას ადგას. მას ამით შეცდომაში შეყავს, როგორც საკუთარი მოქალაქეები, ასევე, პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოება“ - ნათქვამია მიმართვაში.
მიმართვის ავტორთა განცხადებით, ხელისუფლება სპორტსმენებს არა სპორტული მიღწევების, არამედ მისდამი მორჩილების მიხედვით ყოფს, რაც მათ ღირსებას ლახავს.
„ხელისუფლება სპორტსმენებს პოლიტიკური ოპონენტებისა და უკმაყოფილო მოქალაქეების დასასჯელად იყენებს, სპორტსმენთა სადამსჯელო რაზმებს ქმნის, რომლებიც დაუნდობლად უსწორდებიან ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, მათ შორის სპორტსმენებს და მათი ოჯახის წევრებს. ეს კი, შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობად იქცეს“ - აღნიშნულია სპორტის თემატური ჯგუფის მიმართვაში.
სპორტსმენთა განცხადებით, ოლიმპიური მოძრაობა და სპორტი თავისი არსით მშვიდობის სამსახურშია და ის არ შეიძლება განიხილებოდეს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის კუთვნილებად.
როგორც აღინიშნა, მიმართვა საქართველოში უცხო ქვეყნის საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს დღესვე გადაეგზავნებათ.
„ქართული ოცნების“ სპორტის თემატური ჯგუფის მიმართვას ხელს 130-მდე სპორტსმენი აწერს, მათ შორის არიან - ნონა გაფრინდაშვილი, შოთა ხაბარელი, ზურაბ ზვიადაური და სოსო ჯაჭვლიანი.
