ბათუმში მუშაობა დაიწყო მე-9-ე საერთაშორისო კონფერენციამ - „საქართველოს ევროპული გზა - ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები“.
კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო იყო კორუმპირებული და კრიმინალური სახელმწიფო, მაგრამ დღეისთვის საერთაშორისო კვლევების თანახმად, საქართველო ლიდერია ამ მიმართულებით და ხუთჯერ მეტად უსაფრთხო ქვეყანაა, ვიდრე გერმანია, საფრანგეთი და რუსეთი.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ასევე, ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე, რომელმაც შემოდგომის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები მშვიდ და კანონიერ გარემოში ჩატარდეს. შტეფან ფულემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები არჩევანის თავისუფლებას უზრუნველყოფს.
კონფერენციის ფარგლებში, დღის მეორე ნახევარში, სხვადასხვა თემატური სესიები გაიხსნება, რომელზეც დემოკრატიული რეფორმებისა და კანონის უზენაესობის, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების, ასევე ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციისა და ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავების შესაძლებლობებზე დისკუსია გაიმართება.
სიტყვით გამომსვლელებს შორის არიან არიან პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, ასევე, მოწვეული ევროპელი ექსპერტები და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
