საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი ხდება ტურისტულ და რეკრიაციულ ზონებში სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზია პირდაპირი წესით გასცეს.
ცვლილება ამის თაობაზე "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" კანონში შევა.
კანონპროექტის თანახმად, მთავრობას შეეძლება ტურისტულ და რეკრიაციულ მიზნებისთვის სასარგებლო წიაღისეულის - სამკურნალო ტალახის ან გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების ლიცენზია პირდაპირი წესით გასცეს.
მთავრობის საპარლამენტო მდივანის გია ხუროშვილის განმარტებით, ხშირად ტურისტულ და რეკრიაციულ ზონებში პირები საკუთრებაში ფლობენ ცალკეულ შენობა-ნაგებობს, რომლებიც ლიცენზიის ვადის ამოწურვის შემდეგ ვალდებულები არიან აუქციონში მიიღონ მონაწილეობა.
"ინფრასტრუქტურის მფლობელმა ლიცენზიის მოსაპოვებლად უნდა მიიღოს აუქციონში მონაწილეობა, მაგრამ, ხშირად მასში სხვა პირი იმარჯვებს, რის შემდეგაც სასარგებლო წიაღისეულის გამოყენება განუხორციელებელი ხდება, რადგან შენობა–ნაგებობები და მინერალური წყლები სხვა პირის მფლობელობაში ხვდება. ახალი კანონპროექტის თანახმად, მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, ინფრასტრუქტურის მეპატრონეს საშუალება მიეცემა ლიცენზია პირდაპირი წესით შეიძინოს", განმარტა ხუროშვილმა.
კანონპროექტის ინიცირება დღეს, ბიუროს სხდომაზე მოხდა. კანონპროექტის ინიციატორი და ავტორი საქართველოს მთავრობაა.
