სოფიო ქაცარავამ ვენაში ანგარიშის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა, რომელსაც საზაფხულო სესიაზე წარადგენს
სოფიო ქაცარავამ ვენაში ანგარიშის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა, რომელსაც საზაფხულო სესიაზე წარადგენს
10:09 23.02.2018
ვენაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიების და გარემოს დაცვითი კომიტეტის სხდომაზე სოფიო ქაცარავამ მოხსენების კონცეფცია და ის ძირითადი მიმართულებები წარადგინა, რასაც ანგარიშის სახით ყოველწლიურ ზაფხულის სესიაზე ბერლინში წარადგენს.
წევრი ქვეყნების დელეგატების წინაშე სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა იტალიის, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტებსა და მიზნებზე 2018 წელს, რაც კორუფციასთან ბრძოლას, კარგი მმართველობის პოპულარიზაციას, ციფრული ეკონომიკის ოპტიმიზაციას, კლიმატურ ცვლილებებს და მიგრაციის საკითხებს მოიცავს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა მიგრაციის თემას, ამ ჭრილში იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში პარტნიორობის როლს მიგრაციის მართვისა და გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.
სოფიო ქაცარავამ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა კორუფციასთან ბრძოლის საკითხებს. მისი თქმით, ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში, რომლის თავმჯდომარე ქვეყანა სწორედ საქართველოა, მნიშვნელოვან პროგრესს აჩვენებს პარტნიორ ქვეყნებს და აღნიშნა, რომ მზადაა ამ გამოცდილების გაზიარებისთვის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში.
სოფიო ქაცარავამ ისაუბრა საპარლამენტო ასამბლეის სამუშაო თემაზე, რაც საპარლამენტო როლის გავლენას ნიშნავს ეუთო-ს ყველა ვალდებულების შესრულების ხელშეწყობისთვის და აღნიშნა, რომ წევრი ქვეყნების პარლამენტების როლის გაძლიერება ხელშესახები შედეგების წინაპირობა იქნება.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ რამდენიმე საკითხი წამოჭრა დელეგატების წინაშე და ისაუბრა ეუთო-ს წევრი ქვეყნების სამომავლო ქმედებებზე.
„რა ხედვა გვაქვს ეუთო-ს სივრცეში მთავრობის გაძლიერების, კორუფციასთან ეფექტური ბრძოლის, დაცული გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ტექნოლოგიური განვითარების მხარდაჭერისა და ხელშეწყობისთვის; როგორ უნდა ვიქონიოთ გავლენა ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხზე და რა კონკრეტულ ნაბიჯებს მოიცავს ჩვენი მიზნები გავზარდოთ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობა და ანტიკორუფციული რეფორმების გატარების მხარდაჭერა“, - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.



ბეჭდვა