პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების მხარდამჭერებთან შეხვედრების ჩაშლის მცდელობის ფაქტებს სახალხო დამცველი შეისწავლის.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე კოალიციის წარმომადგენელი თეა წულუკიანი დღეს, სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშს შეხვდა და ის ვიდეომასალა გადასცა, რომელიც ბოლო დღეებში კოალიციის მიერ შიდა ქართლში გამართულ შეხვედრებზე, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებს ასახავს.
„შიდა ქართლში მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობს, რომელიც ორ მიზანს ისახავს. პირველი - ხელისუფლებას სურს, რომ სოფლებში გამართული „ქართული ოცნების“ ლიდერებთან შეხვედრები შეფერხდეს ან ჩაიშალოს და მეორე - 15 ივლისს გორში დაგეგმილ აქციაზე ხალხი არ მივიდეს“ - განმარტა წულუკიანმა.
მან სახალხო დამცველისგან მსგავსი ფაქტების დაფიქსირებისას შესაბამისი რეაგირება ითხოვა.
საქართველოს სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის განცხადებით, ის აღნიშნული ფაქტების შესახებ ინფორმაციას უკვე ფლობდა, თუმცა, დამატებითი მასალები მომხდარის სათანადო შეფასებაში დაეხმარება.
