საქართველოს შესაძლებლობა აქვს მომავალ წელს ევროკავშირის ვილნიუსის სამიტზე, ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი მიიღოს.
ამის შესახებ დღეს ბათუმში, ევროპის სახალხო პარტიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტ ვილფრედ მარტენსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველო უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ მომავალ წელს ლიტვა ევროკავშირის თავმჯდომარე იქნება და 2013 წლის შემოდგომაზე, ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღვანელობა „ნათლად გამოხატავს აღმოსავლეთ პარტნიორობის იმ მონაწილე ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერას, რომლებიც ამისთვის მზად იქნებიან“.
„მომავალ წელს გვაქვს რეალური შანსი გვქონდეს თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. თუ ამის პარალელურად ვილნიუსის სამიტმა მოგვცა განაცხადი იმის შესახებ, რომ ევროკავშირის წევრები უნდა გავხდეთ, ეს იქნება საქართველოსთვის ისტორიული გარღვევა“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ეს მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნული პერიოდი მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის დასრულებას ემთხვევა.
„როდესაც ინაუგურაციაზე ევროკავშირის დროშა ავწიეთ ბევრს სასაცილოდ არ ეყო. ახლა ჩემი საპრეზიდენტო ვადის დასრულებისთვის საქართველოს ექნება უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა და ევროკავშირში წევრობის პერსპექტივა“ - განაცხადა სააკაშვილმა.
სამიტის ფარგლებში, დღეს ბათუმში დეკლარაციას მოეწერა ხელი.
