მიხეილ სააკაშვილი - ვისაც საქართველოს ბნელეთში და გამყინვარებაში დაბრუნება სურს, მიზანს ვერ მიაღწევს
   მიხეილ სააკაშვილი - ვისაც საქართველოს ბნელეთში და გამყინვარებაში დაბრუნება სურს, მიზანს ვერ მიაღწევს
18:08 10.07.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც საქართველოს წარსულში დაბრუნებას ცდილობენ, მიზანს ვერასოდეს მიაღწევენ.

სააკაშვილმა ევროპის სახალხო პარტიის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში, სამუშაო სხდომის დასრულების შემდეგ, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტთან ვილფრედ მარტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ წარსულის ძალები, სწორედ წარსულის მეთოდებით ცდილობენ საქართველო წარსულში დააბრუნონ.

პრეზიდენტის განცხადებით, მსგავს ქმედებებს ცივილიზებულ სამყაროში გასავლი არ აქვს და ეს ევროპის დებატებმაც ნათლად აჩვენა.

„ყველა პარტიის ყველა წარმომადგენელი ევროპარლამენტში მოსყიდვაზე, მანიპულაციებზე, მაქინაციებზე და არადემოკრატიულ ნაბიჯებზე საუბრობდა. რა თქმა უნდა, ყოველთვის იპოვი ერთს და ორს, რომელიც მეორე მხარეს დაადანაშაულებს, მაგრამ გზავნილი სრულიად ნათელია - ასეთი ფული და ასეთი მაქინაციები ჭრის მხოლოდ ერთი მიმართულებით. ეს მიმართულება აქედან ჩრდილოეთით 2 საათის საფრენ მანძილზეა. იქ ყველაფერი ჭრის“ - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ სამაგიეროდ, ადამიანებს სინდისი დასავლეთით აქვთ და იქ დემოკრატიის პირობებში არაფერი იმალება.

„ჩვენ აქ ვაშენებთ დემოკრატიას და ვისაც უნდა საქართველო დააბრუნოს სიბნელეში, ბნელეთში და გამყინვარებაში, ის რა თქმა უნდა, ამ შედეგს ვერ მიაღწევს“- განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ინდივიდუალური პიროვნებები შესაძლოა გაიყიდონ, ქართველი ხალხი არ იყიდება.

„ევროპელები არ იყიდებიან მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ეს მხოლოდ საკუთარი თავის გაყიდვა კი არა, იმ პრინციპების გაყიდვაა, რომელზეც დგას ევროპა. იქ არის სწორი ფასეულობები და სწორი პრინციპები, იქ ფული და პოლიტიკა გამიჯნულია ერთმანეთისგან. ასევე, იქნება საქართველოში ყოველთვის, რადგან ქართველი ხალხი ღრმად ევროპელი ერია, რომელსაც ამ გზიდან ვერავინ ააცდენს“- განაცხადა სააკაშვილმა.

ბეჭდვა