გურჯაანის რაიონის სოფლებში ძლიერი წვიმის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს.
როგორც „ნიუსპრესს“ პრეზიდენტის რწმუნებულმა კახეთის რეგიონში გიორგი ღვინიაშვილმა განუცხადა, წვიმამ შიდა სასოფლო გზები დააზიანა. ადიდებულმა მდინარემ კი, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები დატბორა.
მისივე თქმით, გურჯაანსა და თელავში ამ დროისთვისაც ძლიერად წვიმს, რაც ზარალის დათვლას აფერხებს.
„რეგიონს ელექტროენერგია და სასმელი წყალი შეუფერხებლად მიეწოდება. კახეთის მასშტაბით საავტომობილო გზებზე მიმოსვლაზე არანაირი შეფერხება არ არის“ – განაცხადა ღვინიაშვილმა.
წვიმამ დღეს დილიდან გურჯაანი და მისი მიმდებარე რამდენიმე სოფელი დააზარალა. ადიდებულმა მდინარეებმა, გურჯაანი-თბილისის ცენტრალური საგზაო მაგისტრალი დატბორა, რის გამოც მოძრაობა დროებით შეფერხდა.
გურჯაანში, ბლიაშვილისა და 9 აპრილის ქუჩებზე რამდენიმე სახლის პირველი სართული და სარდაფებიც დაიტბორა.
დღესვე, ბათუმში ჭავჭავაძის, აღმაშენებლისა და ფარნავაზ მეფის ქუჩები დაიტბორა. სანიაღვრე სისტემის გაუმართაობის გამო, ასევე, დაიტბორა პუშკინის ქუჩა. მახინჯაურის რკინიგზის სადგურთან საავტომობილო გზაზე მოძრაობა დროებით იყო შეფერხებული.
ძლიერი წვიმის გამო, რამდენიმე სახლის პირველი სართულსა და სარდაფში წყალი ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზეც შევიდა.
