ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების მსურველთა რაოდენობა გაზრდილია.
კითხვაზე - ხვალ რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, რესპოდენტთა 75% დადებითად პასუხობს.
NDI-ს მიერ 2011 წლის სექტემბერში ჩატარებული კვლევის დროს დადებითი პასუხი არჩვენებში მონაწილეობის მიღებაზე, გამოკითხულთა მხოლოდ 51%-მა გასცა, ხოლო 2012 წლის თებერვლის კვლევების დროს - 64%-მა.
დაახლოებით ანალოგიური ვითარებაა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებითაც.
გამოკითხულთა 77% საპრეზიდენტო არჩევნებზე წასვლას გეგმავს, რაც მიმდინარე წლის თებერვლის მონაცემებთან შედარებით, 9%-ით არის გაზრდილი.
„საზოგადოებრივი განწყობის“ კვლევის პრეზენტაცია დღეს, NDI-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ გამართა, რომლის ფარგლებშიც 6 299 მოქალაქე მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა.
