„ქართული ოცნება“ თანხების შემოწირულობების დაუსაბუთებლობისთვის 17 პირის დაჯარიმებას უკანონოს უწოდებს
„ქართული ოცნება“ თანხების შემოწირულობების დაუსაბუთებლობისთვის 17 პირის დაჯარიმებას უკანონოს უწოდებს
16:03 10.07.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ შემოწირულობების დაუსაბუთებლობის საბაბით, სასამართლოს მიერ 17 პირის დაჯარიმების გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს.
როგორც კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საქმიანობის მაქსიმალურად შეზღუდვას ცდილობს.
განცხადების თანახმად, ხელისუფლება ნორმალური წინასაარჩევნო კამპანიის საწარმოებლად კოალიციას ფინანსურ შესაძლებლობებს უკანონო გზებით უკეტავს.
„რამდენიმე თვის განმავლობაში კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების ანგარიშზე, მათი საქმიანობისთვის ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა პირმა შემოწირულობა შეიტანა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარტიების სასარგებლოდ შემოწირულობების კანონიერების შემოწმების საბაბით გამოკითხა და 17 პირი იმ მოტივით დააჯარიმა, თითქოს მათ შემოწირული თანხების წარმომავლობის დასაბუთება ვერ შეძლეს“ - ნათქვამია განცხადებაში.
კოალიციის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 17-ვე პირი, თითოეულის საქმის ვითარებით დაინტერესების გარეშე, ყველა ერთნაირად სამართალდამრღვევად სცნო და შესაბამისად, ხუთმაგი ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
„სასამართლოს ეს გააწყვეტილება უკანონოა, რადგან არავინაა ვალდებული საკუთარი ფინანსების წარმომავლობის წყარო აჩვენოს, თუ ოფიციალურად საგადასახადო დეკლარაციის შევსება არ ევალება. ჯარიმის რაოდენობა გონივრულ ზღვარს სრულიად სცდება“ - აღნიშნავენ „ქართულ ოცნებში“.
მათივე განცხადებით, საკუთარი ხალხის მიმართ მსგავსი დამოკიდებულებით ხელისუფლება კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ მას ადამიანების ბედი არ აწუხებს და ის ოპონენტისთვის ანგარიშსწორების არც ერთ მეთოდზე არ დაიხევს უკან.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სამართალადამრღვევად ცნობილი 17 პირი პოლიტიკური გაერთანებისთვის გადარიცხული თანხების ხუთმაგი ოდენობით 8 ივლისს დააჯარიმა.
აღნიშნულმა პირებმა ჯარიმა სასამართლოს განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადონ.

ბეჭდვა