ბულგარეთმა საქართველოს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი აღიარა
ბულგარეთმა საქართველოს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი აღიარა
15:36 10.07.2012
ბულგარეთმა ოფიციალურად ცნო საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში, კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას საქართველოს ხელისუფლება სთავაზობს.
როგორც დღეს ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ნიკოლაი მლადენოვთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, ბულგარეთმა საჩუქარი გაუკეთა საქართველოს და ერთ-ერთმა პირველმა ცნო ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი.
„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და ამ დოკუმენტს ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებიც ცნობენ“- განაცხადა ვაშაძემ.
როგორც მლადენოვმა განმარტა, ეს ევროპაში სხვა პარტნიორების მიმართ ძლიერი სიგნალია. მისივე თქმით, საქართველოს პოლიტიკა საჭიროებს მხარდაჭერასა და წახალისებას, რათა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან მშვიდობიანად და სტაბილურობისა და ნდობის საფუძველზე დამყარდეს ურთიერთობები.
აღნიშნული დოკუმენტი უკვე ცნეს ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა, აშშ-მ და იაპონიამ. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას შესთავაზა, რათა მათ აღნიშნული რეგიონების ფარგლებს გარეთ გადაადგილება დაუბრკოლებლად შეძლონ.

ბეჭდვა