რეგიონში არსებული ვითარება და საქართველო-ეუთო-ს თანამშრომლობის საკითხი განიხილეს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ და ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ძანიერიმ თბილისში გამართულ შეხვედრაზე.
როგორც შეხვედრის შემდეგ ვაშაძემ აღნიშნა, ეუთო ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპაში ლიდერია უსაფრთოხების სფეროში თანამშრომლობის კუთხით.
შეხვედრაზე ასევე, განხილული იქნა საქართველოში ეუთო-ს მისიის დაბრუნების შესაძლებლობა, რეგიონში არსებული გამოწვევები, კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში ნდობის აღდგენის და ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შენარჩუნების საკითხები.
როგორც ძანიერიმ განაცხადა, ეუთო ჟენევის პროცესის ერთგული რჩება.
„ჩვენი მიზანია, რომ შევინარჩუნოთ ეს პროცესი, იგი ერთადერთი ფორმატია, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარეა წარმოდგენილი და რომელიც დაგვეხმარება ნდობის აღდგენასა და გადაწყვეტილების მიღებაში“ - განაცხადა ძანიერიმ.
ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ ეუთო მაქსიმალურად აქტიურად ჩაერთვება სხვადასხვა პროექტებში, რომელიც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას ემსახურება.
