პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ოპოზიციური ფრაქციის "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარეს დიმიტრი ლორთქიფანიძეს პარლამენტის რეგლამენტის
წაკითხვას ურჩევს.
პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დიმიტრი ლორთქიფანიძემ მოითხოვა, რომ ხვალ, პოლიტიკური დებატები დამოუკიდებელმა ფრაქციამ გახსნას. იგი დამოუკიდებელ ფრაქციაში საკუთარ ფრაქციას – "ერთობა სამართლიანობისთვის" გულისხმობდა.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა ლორთქიფანიძეს განუმარტა, რომ უკვე მეორე სხდომაა, რაც ერთი და იგივე შეცდომას უშვებს, რადგან რეგლამენტს არ კითხულობს.
"დიმიტრი ლორთქიფანიძე იურისტია, ან შეგნებულად არ კითხულობს რეგლამენტს, ან სურს, რომ რეგლამენტი დაგვარღვევინოს",– მიმართა მაჭავარიანმა ლორთქიფანიძეს და იქვე დაამატა, რომ პარლამენტში დამოუკიდებელი ფრაქცია კი არა, დამოუკიდებელი დეპუტატები არიან. დამოკიდებელი დეპუტატები კი - 4 ლეიბორისტი და ნაციონალური მოძრაობიდან გარიცხული ბეჟან ხურციძეა.
კამათი მას შემდეგ ამოიწურა, რაც ფრაქცია "ქრისტიან–დემოკრატების" თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანმა ლორთქიფანიძეს მიმართა, რომ თავად "ერთობა სამართლიანობისთვის" გამოსვლის შემდეგ გამოვა სიტყვით. ახვლედიანის ამ განცხადებამ ბიუროს წევრები გაამხიარულა.
საბოლოდ, გადაწყდა, რომ პოლიტიკური დებატების დროს, ფრაქციების გამოსვლისას, პირველი ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" გამოვა.
ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის 15 წუთიანი გამოსვლით ისარგებლებს. აქედან, 8 წუთი გიორგი ცაგარეიშვილს ეთმობა, რომელიც "ქართული ოცნების" იდეებზე ისაუბრებს, 7 წუთით კი - ჯონდი ბაღათურია ისარგებლებს.
