„ახალგაზრდა მემარჯვენეებმა“ მონოპოლიის წინააღმდეგ აქცია გამართეს
„ახალგაზრდა მემარჯვენეებმა“ მონოპოლიის წინააღმდეგ აქცია გამართეს
12:08 10.07.2012
პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თავისუფლების მოედანზე აქცია სახელწოდებით - „არა მონოპოლიას“ გამართეს.
როგორც ახალგაზრდული ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა ავთო კიკალიშვილმა „ნიუსპრესთან“ საუბრისას განაცხადა, მონოპოლიების წინააღმდეგ კამპანია დღეს დაიწყო და პრობლემის მოგვარებამდე გაგრძელდება.
მისი თქმით, „მემარჯვენეები“ მსგავსი აქციებით მთელ საქართველოს მოიცავენ.
„ხვალ, სამგორში ვიქნებით, ზეგ გლდანში, თბილისის ყველა რაიონს მოვიცავთ. შემდეგ რეგიონებში გადავინაცვლებთ და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ აღნიშნული პრობლემა არ მოგვარდება“ - განმარტა კიკალიშვილმა.
მისივე თქმით, დღეს მონოპოლია საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება. იგი აძვირებს საკვებს, მედიკამენტებს და სხვა აუცილებელი მოხმარების საგნებს.
როგორც მემარჯვენეების ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ აქციაზე აღნიშნა, თუ მონოპოლიები ხელისუფლებისთვის შემოსავლის წყაროა, საზოგადოებისთვის ის გაძვირებულ საწვავს, გაძვირებულ წამალს და პროდუქტს წარმოადგენს.
„ეს ყველაზე საჭირბოროტო და მნიშვნელოვანი თემაა ჩვენი საზოგადოებისთვის. „ახალმა მემარჯვენეებმა“ შევძელით ქართული სოფელი დომინანტურ თემად გვექცია, დღეიდან ვაპირებთ ასეთივე დომინანტურ თემად მონოპოლია ვაქციოთ“ - განმარტა ნაჭყებიამ.
„ახალი მემარჯვენეების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები თავისუფლების მოედნიდან სახელმწიფო უნივერსიტეტამდე ფეხით მსვლელობას მოაწყობენ და საზოგადოებას ფლაერებს დაურიგებენ.

ბეჭდვა