კოალიცია „ქართული ოცნების“ „კარდაკარის“ საველე სამუშაოების 85% დასრულებულია.
ამის შესახებ დღეს პრესკონფერენციაზე კოალიციის საარჩევნო ჯგუფის ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ აქცია „კარდაკარ“ ორი კვირის წინ დაიწყო და ამ დროისთვის დასრულებულია რაჭა-ლეჩხუმში, გურიაში, სამეგრელოში, ხოლო იმერეთსა და აჭარაში დარჩა მხოლოდ ქუთაისისა და ბათუმის ოლქები.
მისივე ინფორმაციით, კოალიცია ამომრჩეველთა სიების გადამოწმებას აგრძელებს კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და თბილისში.
„კარდაკარის“ დასრულების შემდეგ, 35–40 მილიონ მონაცემს კომპიუტერულად დავამუშავებთ, თუმცა, წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ კამპანიის დროს მრავალი დარღვევა გამოვლინდა. მათ შორის მიწერილი, გარდაცვლილი, დუბლირებული და გამორჩენილი ამომრჩეველი“ - აღნიშნა „ქართული ოცნების“ საარჩევნო ჯგუფის ხელმძღვანელმა.
ამასთან, ქუცნაშვილის განცხადებით, „კარდაკარის“ მონაწილეთა მიმართ დაშინების მცდელობა გრძელდება და ამ კუთხით, ისევ გამგეობის თანამშრომლები და პოლიციელები აქტიურობენ.
თუმცა, ქუცნაშვილი აღნიშნავს, რომ გასულ კვირას, მათ მომხრეებზე პოლიციის მხრდიან ზეწოლა შესუსტდა, რაც სამთავრობო ცვლილებებით გამოწვეულ დაბნეულობას უკავშირდებოდა.
ამასთან, მისი თქმით, „კარდაკარის“ დასრულების შემდეგ, „ქართული ოცნება“ ამომრჩეველთა სიის დაზისტების გარდა, ამომრჩეველთა აქტიურობისა და განწყობის გაზომვას შეძლებს.
