კონტროლის პალატამ "ქართული ოცნება", "ქართუ მშენებელი" და ნუგზარ ხუციშვილი დააჯარიმა
კონტროლის პალატამ "ქართული ოცნება", "ქართუ მშენებელი" და ნუგზარ ხუციშვილი დააჯარიმა
16:19 27.02.2012
კონტროლის პალატამ შპს "ქართუ მშენებელს", მის ფინანსისტ ნუგზარ ხუციშვილსა და "ქართულ ოცნებას" 200-200 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე კონტროლის პალატის მონიტორინგის ხელმძღვანელმა, ნათია მოგელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კონტროლის შესწავლისა და ანალიზის შედეგად კონკრეტული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნუგზარ ხუციშვილისთვის მიღებული პრემია შეუსაბამოა როგორც მისი ხელფასის, ასევე მის მიერ შესრულებული სამუშაოსთვის.
ნათია მოგელაძის განმარტებით, იურიდიულმა პირმა ფიზიკური პირის მეშვეობით უკანონო შემოწირულობა "ქართული ოცნების" ანგარიშზე განახორციელა, რაც "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანული კანონის მიხედვით დასჯად ქმედებას წარმოადგენს.
კონტროლის პალატაში აცხადებენ, რომ მათ გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და გადამრიცხველი პირი ნუგზარ ხუციშვლი, (გადარიცხული 20 ათასი ლარის ათმაგი ოდენობით), შპს "ქართუ მშენებელი" და "ქართული ოცნება" 200-200 ათასი ლარით დაჯაიმდა. ხოლო ხუციშვილის მხრიდან "ქართული ოცნებისთვის" გადარიცხული 20 ათასი ლარი საქართველოს ბიუჯეტში გადაირიცხება.
ნუგზარ ხუციშვილმა "ქართუ მშენებელისგან" 6 თებერვალს 40 ათასი ლარის ოდენობით პრემია მიიღო. მან სამ დღეში თანხის ნახევარი, 20 ათასი ლარი "ქართულ ოცნებას" გადაურიცხა. ამ საქმით კონტროლის პალატა დაინტერესდა. მან გადამრიცხველსა და "ქართულ ოცნებას" მიმართა, რომ ქმედება უკანონო იყო და ხუციშვილს 20 ათასი ლარი უნდა დაბრუნებოდა. ამაზე "ქართულმა ოცნებამ" უარი განაცხადა.

ბეჭდვა