პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო
რეფორმა ყველა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შეფასებულია როგორც ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი.
ამ განცხადებით ჩუგოშვილი საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებზე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა.
„მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები და საკონსტიტუციო რეფორმა ყველა მნიშვნელოვანი კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შეფასებულია როგორც ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი საპარლამენტო სისტემის განვითარების გზაზე და ფაქტობრივად დასრულება ევოლუციის გზის. სწორედ ეს სულისკვეთება სულ რამდენიმე დღის წინ გაიზიარა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციამაც, სადაც ძალიან დადებითადაა შეფასებული თავად საკონსტიტუციო ცვლილებები“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისი განცხადებით, კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესი და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა ძალიან ღია და გახსნილ ფორმატში მიმდინარეობდა.
„ჩვენ ვიცით, რომ საბოლოო ჯამში, დოკუმენტი კონსენსუსის გზით არ ყოფილა მიღებული, თუმცა მიღებული დოკუმენტი არის მაღალი ხარისხის და ყველა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაცია იზიარებს იმას, რომ ქვეყნის კონსტიტუციური განვითარებისთვის ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ჩემთვის პირადად, როგორც ამ კომისიის წევრისთვის, ეს არის მთავარი და ეს არის ამოსავალი, როდესაც ვაფასებთ ჩვენ საკონსტიტუციო რეფორმას“ -აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
