ხელისუფლება საპარლმენტო არჩევნების შედეგების გასაყალბებლად და მოსახლეობასთან დასაპირისპირებლად ემზადება, რაც ხელისუფლების
მხრიდან ომის გამოცხადებას ნიშნავს.
ეს განცხადება „სამოქალაქო ფრონტის“ ლიდერმა ჯაბა ჯიშკარიანმა სამთავრობო გადაადგილებების კომენტირებისას დღეს გააკეთა და აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგების გაყალბების თავიდან ასაცილებლად, საზოგადოებამ კოორდინირებული მოქმედება და მობილიზაცია უკვე უნდა დაიწყოს.
„თუკი სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, ახალაიების კრიმინალური კლანის წინ წამოწევას ერიდებოდა, დღეს მან ძალოვანი უწყების ძირითადი ნაწილი მათ ჩააბარა. ახალგაზრდობა მზად უნდა იყოს პროცესებში ჩართვისთვის, რათა დაიცვას თავისი არჩევანი და ეს რეჟიმი დასრულდეს“-განაცხადა ჯიშკარიანმა.
მისი თქმით, ძალა, რაზეც დღევანდელი ხელისუფლება დგას, პოლიციაა ყველა თავისი შენაერთით.
მისივე თქმით, ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად ემზადება, რასაც ვანო მერაბიშვილი ადასტურებს.
„რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერით გავიდა სიუჟეტი, სადაც მერაბიშვილმა ერთ-ერთი ამომრჩევლის თუ მხარდამჭერის კითხვაზე - ეყოფა თუ არა მას არჩევნებში 80%, პრემიერი პასუხობს, რომ 65%-ც ეყოფათ. რაც ცხადყოფს, რომ მერაბიშვილი და ხელისუფლება გაყალბებისთვის ემზადებიან“ - აღნიშნა ჯიშკარიანმა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ საქართველოს მოსახლეობას პირდაპირ მიანიშნა, რომ მის ხელთ არსებული ყველანაირი მეთოდით ეცდება არჩევნების გაყალბებას და მოსახლეობის დაპირისპირებას, რაც მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან ომის გამოცხადებას ნიშნავს.
