პრეზიდენტის გამოსვლას საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემს
პრეზიდენტის გამოსვლას საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემს
16:08 27.02.2012
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლა და პოლიტიკური დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით გადაიცემა. ამის შესახებ განცხადება დღეს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.
დავით ბაქრაძის განცხადებით, საზოგადოებას საშუალება ექნება ტელევიზიით თვალყური ადევნოს პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს.
პარლამენტის წინაშე პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით 28 თებერვალს, 20:00 საათზე წარსდგება. ბიუროს სხდომაზე გადაწყდა, რომ პრეზიდენტის სტუმრობა პოლიტიკური დებატების ფორმატში გაიმართება.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პოლიტიკური დებატებისას გამომსვლელთა რიგითობაც დაზუსტდა.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისათვის უმრავლესობასა და უმცირესობას ეძლევა თითოეულს 45 წუთი, ფრაქციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს) – თითოეულს 15 წუთი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 10 წუთი, პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში – 5 წუთი. ფრაქცია, უმრავლესობა და უმცირესობა მათთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავენ გამომსვლელთა რაოდენობასა და მათზე დროის გადანაწილების სქემას.
პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში ხვალ 20.00 საათზე იგეგმება.

ბეჭდვა