სს „ქართუ ჯგუფის“ და „ბანკი ქართუს“ აქციების 100-100% აუქციონის წესით გასხვისების საკითხში ხელისუფლებას არასამართლებრივი ინტერესები გააჩნია.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ დღეს „ქართუ ჯგუფის“ აქციონერი უცხოური კომპანიების ქართველმა ადვოკატმა პაატა კიკნაველიძემ განუცხადა.
„ეს არის ის თემა, სადაც ხელისუფლებას არასამართლებრივი ინტერესები გააჩნია, რაც საქმის სამართლებრივად გადაწყვეტას ხელს უშლის“ - აღნიშნა ადვოკატმა.
ამასთანავე, კიკნაველიძე აღნიშნავს, რომ კონკერტულ შემთხვევას არ შეესაბამება აღსრულების ეროვნული ბიუროს განმარტება იმის შესახებ, თითქოს "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" კანონის შესაბამისად, კომერციული ბანკის წილის შესაძენად პირი ვალდებულია, ამის შესახებ აცნობოს ეროვნულ ბანკს, წინააღმდეგ შემთხვევაში, წილის განკარგვის თაობაზე გარიგება ბათილია.
ამ ნორმაზე დაყრდნობით, აღსრულების ეროვნული ბიურო ამტკიცებს, რომ ვინაიდან საქართველოს ეროვნულ ბანკში არ ყოფილა წარდგენილი დეკლარაცია სს "ბანკი ქართუს" ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილების შესახებ, სს "ბანკი ქართუს" აქციების 100%-ის ბენეფიციარ მესაკუთრედ კვლავაც რჩება ბიძინა ივანიშვილი.
„კომერციული ბანკების შესახებ კანონმდებლობის ეს ნორმა შეეხება კომერციულ ბანკში მნიშვენლოვანი წილის - აქციათა 10%-ზე მეტის შეძენას. მოცემულ შემთხვევაში, „ქართუ ბანკის“ აქციების არც შეძენა და არც გასხვისება არ განხორციელებულა“ - განაცხადა კიკნაველიძემ.
რაც შეეხება 2012 წლის 30 აპრილს სს „ქართუ ჯგუფის“ აქციონერთა შორის განხორციელებულ გარიგებას, ადვოკატის განმარტებით, აქციონერები არ განეკუთვნებიან ამ კანონით გათვალისწინებულ სუბიექტებს და, შესაბამისად, ამ გარიგების დასადებად არანაირი თანხმობა და ნებართვა საჭირო არ იყო.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, 26 ივნისს დააყადაღა აქციების 100% სს ,,ქართუ ჯგუფში“, აქციების 100% სს „ქართუ ბანკსა“ და აქციების 21.7% სს „პროგრეს ბანკში“.
აქციების გასხვისების მიზნით აუქციონი ხვალ, 10 ივლისს უნდა გაიმართოს. აუქციონზე აქციათა გაყიდვის შედეგად უნდა დაიფაროს ბიძინა ივანიშვილისთვის ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დაკისრებული დაახლოებით 75 მლნ ლარიანი ჯარიმა.
აუქციონის შეჩერებისა და „ქართუ ჯგუფის“ აქციებზე ყადაღის მოხსნის მოთხოვნით „ქართუ ჯგუფის“ აქციონერმა კომპანიებმა საქალაქო სასამართლოს 6 ივლისს სარჩელით მიმართეს, რაზეც გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს 18.00 საათამდე უნდა გამოიტანოს.
„ქართუ ჯგუფის“ უცხოელი აქციონერების როგორც უცხოელი, ისე ქართველი ადვოკატები აცხადებენ, რომ „ქართუ ჯგუფისა“ და „ქართუ ბანკის“ ბენეფიციარი მესაკუთრე ივანიშვილი არ არის და აქციების გასხვისების შემთხვევაში საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლებრივი დავა დაიწყება.
